საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის ახალ შემსრულებელს, ელჩ როს ვილსონს შეხვდა

9.11.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის ახალ შემსრულებელს, ელჩ როს ვილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
 
მხარეები მიესალმნენ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, რაც, სხვადასხვა ხელშესახებ შედეგებთან ერთად, გამოიხატა არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლებში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე.
 
განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. დავით ზალკალიანმა როს ვილსონს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების იმპლემენტაციის ხელშეწყობის კუთხით.
 
საუბარი შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ასევე გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის როლი.
 
ელჩმა როს ვილსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით და მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
 
დავით ზალკალიანმა წარმატება უსურვა ელჩ როს ვილსონს საქართველოში აშშ-ს მისიის დროებითი ხელმძღვანელის რანგში.