საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა

26.11.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. განხილულ იქნა ქვეყანაში UNICEF-ის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე მინისტრმა UNICEF-ის წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე. ამ კონტექტში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, ღასან ხალილმა გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.