საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა

30.01.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, მათ შორის, შავი ზღვის კონტექსტში. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის როლი.
 
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებას.
 
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს აღიარებისთვის.