საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

26.10.2018, თბილისი - მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის სპეციალურ კოორდინატორს, კრისტიან ვიგენინს და საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.   ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის და ხაზი გაუსვა  საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის კუთხით მათი ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას და არ იშურებს ძალისხმევას, რომ საარჩევნო გარემო და პირობები პასუხობდეს საუკეთესო საერთაშორისო  სტანდარტებს.
 
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ამასთან აღინიშნა, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს.