საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

28 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ გაერო- გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლოსთან.
 
 შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა როზმარი დიკარლოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს აქტიური ჩართულობისთვის.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მიმდინარე განვითარებებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში გაერო-ს მნიშვნელოვან როლს.
 
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტულ საკითხზე.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს 27-28 ოქტომბრის პერიოდში სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.