საგარეო საქმეთა მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს შეხვდა

28.02.2017 ჟენევა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და WIPO-ს შორის თანამშრომლობა და WIPO-ს სხვადასხვა პროექტში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობები.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის WIPO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და ისაუბრა WIPO-სთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე.
 
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის პროექტის ფარგლებში შემუშავებულია  პროფესიული განვითარების  სპეცკურსი, რომელიც ეხება  გეოგრაფიულ აღნიშვნებს. კურსი,  2017 წლის სექტემბერში WIPO-ს ეგიდით საქართველოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 18 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
 
საქართველო არჩეულ იქნა ლისაბონის შეთანხმების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ  და WIPO-ს ცენტრალური ევროპისა და  ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონულ კოორდინატორად, რაც ადასტურებს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აღიარებას და ქვეყნის სრულ მზადყოფნას აქტიური მონაწილეობით საკუთარი წვლილი შეიტანოს ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაში.
 
WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს (საქპატენტის) მიერ გაწეული სამუშაოსთვის და აქტიურობისთვის, ასევე, წარმატებები უსურვა ცენტრალური ევროპისა და  ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონული კოორდინატორის თანამდებობაზე.