საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

2.08.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

მინისტრმა და ელჩმა კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობები.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ მხრივ, მეგობრობისა და სოლიდარობის განსაკუთრებულ გამოხატულებად შეაფასა 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის კოლეგებთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ვიზიტი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და მიმოიხილა ნატო-ს განვლილი სამიტის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები,  ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. გამოიკვეთა თანამშრომლობის ის სფეროები, სადაც შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა, მათ შორის  სატრანსპორტო-ლოგისტიკური, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებებით. ხაზი გაესვა, ასევე, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.