საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სერბ კოლეგას შეხვდა

3.07.2019 - ქ. თბილისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ნემანია სტევანოვიჩთან.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. დადებითი შეფასება მიეცა ბოლო წლებში განხორციელებულ მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს, მათ შორის სერბეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ბელგრადში.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ამ მხრივ აღინიშნა ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მნიშვნელობა, რომლის საინაუგურაციო სესია თბილისში 3-4 ივლისს ტარდება. მხარეებმა ისაუბრეს 3 ივლისს თბილისში გამართული რიგით მეორე ქართულ-სერბული ბიზნეს-ფორუმის შესახებ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის ბიზნეს სუბიექტებს შორის კონტაქტების გაღრმავებას.
 
შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ორი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ინტენსივობა.
 
ქართულმა მხარემ  ხაზი გაუსვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე  წლის განმავლობაში.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ქართული მხარე პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის სერბ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.