საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

02.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  დავით დონდუამ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  შაბთაი ცურთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობები და მათ გაღრმავებაზე არსებული ორმხრივი ინტერესი.  დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ისრაელთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, მედიცინა, ტურიზმი, განათლება, სოფლის მეურნეობა.

შაბთაი ცურის თქმით, ისრაელში საქართველოს მიმართ ინტერესი არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღესაა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მკვეთრად იკლო საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ისრაელში არალეგალური გზით მოხვედრის მცდელობათა რიცხვმა და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოს მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.