საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აშშ-ის „Air War College“-ის დელეგაციას შეხვდა

6.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, საქართველოში სტუმრად მყოფ აშშ-ის „Air War College“-ის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის მიზანია საქართველოში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობა და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესწავლა.

დავით დონდუამ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე. მან ისაუბრა საქართველო-აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე. 


მინისტრის მოადგილემ „Air War College“-ის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე და აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე. 


მან ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.


დავით დონდუამ სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.

 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრად მყოფ აშშ-ის „Air War College“-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასასრულს დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.