საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსს შეხვდა

5.10.2017 თბილისი -  ა.წ. 5 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, დირკ შუბელთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა  განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა. ხაზი გაესვა „ასოცირების დღის წესრიგის“ უახლოეს პერიოდში დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში დიალოგის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.