საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფრანგ სენატორს შეხვდა

2018 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საფრანგეთ-სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრთან, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. სენატორმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
 
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯები, აღნიშნეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია. მიმოიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და რუსეთის მხრიდან ფორმატის შეფერხების გამუდმებული მცდელობები.
მინისტრის მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა მიმდინარე წლის 26 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის დროს, მინისტრის მიერ „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი“-ს დაარსების იდეა, რაც განპირობებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დაწვრილებით მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირთის თანამშრომლობა. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის, ასევე, ასოცირების შეთანხმებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე მიესალმა საფრანგეთის სენატიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ ვიზიტებს და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„საინტერესო შეხვედრა შედგა მინისტრის მოადგილესთან. ამ შეხვედრების და საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების გაცნობა, განსაკუთრებით კი კონფლიქტების რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს , რომ ხელი შეუწყოს რეგიონის სტაბილურობას. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ამ რეგიონს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერი რაც მშვიდობას უკავშირდება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალღონეს არ დავიშურებთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ - განაცხადა სენატორმა პიერ-ივ კოლომბამ შეხვედრის შეფასებისას.