საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონური კომპანია „NEXI”-ის თავმჯდომარეს შეხვდა

22.05.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა იაპონური კომპანია „NEXI” (Nippon Export and Investment Company)-ის თავმჯდომარესთან, კაძუჰიკო ბანდოსთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის და საინვესტიციო პროექტებში იაპონური კომპანიების მონაწილეობის საკითხებს.

კაძუჰიკო ბანდომ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია „NEXI”-ის საქმიანობის და კომპანიის მიერ საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის შესაძლებლობების შესახებ. თავის მხრივ, გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა იაპონიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მაღალ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულება უახლოეს მომავალში, დამატებით ხელსაყრელ გარემოს შექმნის იაპონური კომპანიებისთვის აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში.