საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

15.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან,  გაბრიელა ბატაინი დრაგონთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსათვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას და გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების აუცილებლობას.

ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, გაბრიელა ბატაინი დრაგონი საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხიმგებელ მინისტრთა მე-15 კონფერენციის ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში იგი ორმხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.