საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეელ კოლეგას შეხვდა


23.03.2018 ქ.სეული - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუნ კანგ-ჰიონთან.  მხარეებს შორის განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური, ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის განვითარების, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება.
 
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით გიორგი შარვაშიძემ შეხვედრები გამართა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოში და კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში.
 
გიორგი შარვაშიძე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მე-6 პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობის მიზნით, სეულს 21 მარტს ეწვია.