საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს, ვინჩენცო კოპოლას შეხვდა

30.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურთან, ვინჩენცო კოპოლასთან.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობაზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტების მონიტორინგისა და ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის კუთხით. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის სრულად შესრულების აუცილებლობა. 
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება,  რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო მოლაპარაკებების უმთავრესი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობას.
 
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.