საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გვატემალელ და ბაჰრეინელ კოლეგებს შეხვდა

2019 წლის 25 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტის პარალელურად, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრები გვატემალისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან ლუის ფერნანდო კარანზა სიფუენტესა და აბდულა ფაისალ ალ-დოსერისთან.
 
გვატემალელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და გვატემალას შორის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის მზარდი ურთიერთობები. საუბარი შეეხო საქართველოსა და გვატემალას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების პერსპექტივებს. მხარებმა იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებებით წარმატებული რეფორმების გაზიარების შესაძლებლობების, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების თაობაზე. განხილულ საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, გაეროს ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობის მიმართულებები და მისი შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები.


ბაჰრეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილესთან აბდულა ფაისალ ალ-დოსერისთან შეხვედრისას მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ბაჰრეინს შორის მზარდი ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების განმტკიცების კუთხით არსებულ პოტენციალსა და მისი განხორციელების მნიშვნელობას. მხრეებმა იმსჯელეს გაეროს ფარგლებში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საბჭოში, თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების გზებზე.
 
გვატემალის და ბაჰრეინის მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის თაობაზე. გვატემალის და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიეწოდათ ასევე, დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, მათ შორის, ადამიანის უფლებებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტის პარალელურად, 26 თებერვალს, ლიტვის, ლატვიისა და უკრაინის თანაორგანიზებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - "Violation of Human Rights of Ukrainian Prisoners of War and Political Hostages of the Russian Federation". ღონისძიების, რომელიც საპანელო განხილვების ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების მცხოვრებთა და სამხედრო ტყვეების უფლებების უხეში დარღვევები და კიდევ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.