საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

15.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ დომინიკის რესპუბლიკის, ესვატინის სამეფოს, მარშალის კუნძულებს, მიკრონეზიის ფედერალური შტატებისა და სენეგალის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებს.
 
მინისტრის მოადგილე მიესალმა გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დელეგაციებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური თემები.
 
ლაშა დარსალიამ მუდმივ წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
 
გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 15 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება.  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან, ასევე, საქართველოს იუსტიციის სახლის, სერვისების სააგენტოსა და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში.