საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ შურმანს შეხვდა

1.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ელჩ მარიეტ შურმანთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს  1325 რეზოლუციის განხორციელების საკითხები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა და ევროკავშირთან  ვიზა ლიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების სარგებლის გავრცელების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. ასვე საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. მარიეტ შურმანმა მაღალი შეფასება მისცა 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის შესახებ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ისევე როგორც, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის.