საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაილანდში შეხვედრებს მართავს

29.03.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის  ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მდგრადი განვითარების მე-5 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ტაილანდს ეწვია.

28 მარტს,
. ბანგკოკში, გაიხსნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მდგრადი განვითარების მე-5 ფორუმი, რომელზეც საქართველო მონაწილეობს თანათავმჯდომარის სტატუსით.
 
სამ დღიან ფორუმს ესწრება ESCAP-ის წევრი ქვეყენების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი.
 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე.
 
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ლევან დავითაშვილის და გიორგი შარვაშიძის გამოსვლები სამუშაო სესიებზე, სადაც აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მდგრადი განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ამასთან, ESCAP-ის შტაბ-ბინაში სპეციალურად მოწყობილ პარტნიორების პავილიონში განთავსდა საქართველოს სტენდი.
 
28 მარტს, ფორუმის პარალელურად, გაიმართა გიორგი შარვაშიძის ორმხრივი შეხვედრა ტაილანდის კომერციის მინისტრის მოადგილესთან ჩუტიმა ბუნიაპრაპასარასთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაილანდის სამეფოსთან, როგორც რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს საქართველო-ტაილანდის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექნის შესაძლებლობა. ტაილანდის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, ხელი შეეწყოს ტაილანდის სამეფოში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას, ასევე ტაილანდელი ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის განხორციელებას.
 
29 მარტს შედგა გიორგი შარვაშიძის შეხვედრები ტაილანდის საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვირასაკდი ფუთრაქულთან და ტაილანდის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (TICA) გენერალურ დირექტორთან სუპატრა სრიმაიტრიპიტასთან. შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები. ტაილანდის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე. TICA-სთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს სრული მზადყოფნა, განავითარონ თანამშრომლობა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მიზნით დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე.
ფორუმის პარალელურად, ESCAP-ის შტაბ ბინაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ღონისძიების შემდეგ შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები UNESCAP-ის აღმასრულებელ მდივანთან შამშად ახტართან და ტაილანდის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან.