საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

20.06.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტერ მიკისკასთან.
 
მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
 
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. პეტერ მიკისკამ მინისტრის მოადგილეს გააცნო საქართველოში მომავალი საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც, მისი თქმით, მოიცავს ეკონომიკის, განათლების, კულტურის და სხვა მიმართულებებით მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ასევე, საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ტრადიციის გაგრძელების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ივლისში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტს და მის მონაწილეობას „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.“
 
საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის ელჩს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ხსენებული საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების, ისე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე ყველა შესაძლო მიმართულებით.