საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაში, სადაც განხილულ იქნა ,,სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“

12.04.2017, თბილისი - ა.წ. 12 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გამართულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის განხილვაში.

აღნიშნული საკომიტეტო განხილვის ფარგლებში, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები ანგარიშში ასახულ ფაქტებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც არსებობს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ.


სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მომზადებს დასკვნას, სადაც აისახება, როგორც მიღწეული პროგრესი, ისე კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მომავალში განსახორციელებელი საქმიანობა.


საკომიტეტო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა თოთლაძემ მიმოიხილა სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნული იმ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, რომელიც ძირითადად უკავშირდება ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონვენციების სავალდებულოდ აღიარების პროცედურებს და განაცხადა, რომ სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა დროულად განხორციელდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ყველა იმ კონვენციასთან მიმართებით, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველის ანგარიში და მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.