საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

18.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვახტანგ მახარობლიშვილმა  შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან, რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ასევე, აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების სფეროში დინამიურად ვითარდება.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მომავალი ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტისათვის  საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

მარკ ლანკასტერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეტანილი წვლილისათვის, ასევე, სოლსბერიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერისათვის. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს მისწრაფებების და ახლაც, ტრადიციულად, აგრძელებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული საფლაგმანო ხომალდი „HMS Duncan“, რომელიც ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ნაწილია,  ამჟამად საქართველოში, ფოთის პორტში იმყოფება. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი და ნატო-ს 4 ხომალდი ფოთის პორტში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.