საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან

2018 წლის 26 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან.

 
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სინგაპურსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. ორივე მხრიდან აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში.
 

შეხვედრისას გიორგი შარვაშიძემ პიტერ ტან ჰაი ჩუანს აცნობა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სთხოვა სინგაპურის მხარდაჭერა, რომ საქართველომ განავითაროს ფორმალური თანამშრომლობა ASEAN-თან. ასევე გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების, მიღწევების, განხორციელებული რეფორმების, საინვესტიციო გარემოს და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
 

პიტერ ტან ჰაი ჩუანმა აღნიშნა, რომ სინგაპური დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით და მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას განავითაროს ურთიერთობები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან. ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებით სინგაპურის მხარეს აინტერესებს საქართველოში მიმდინარე ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და ამ კუთხით გეგმავს შესაძლებლობების შესწავლას.

 
ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ფაზაში გადასაყვანად.