საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ვენის მიგრაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

19.10.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ვენის მიგრაციის კონფერენციაში თემაზე: „კრიზისების მართვიდან მომავალი მმართველობისკენ“.

ვენის მიგრაციის კონფერენცია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ყოველწლიური ღონისძიებაა პოლიტიკური თანამდებობის პირების, სამთავრობო ექსპერტებისა და აკადემიური სამყაროს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მიგრაციის სფეროში ყველაზე აქტუალური საკითხების განსახილველად.

ღონისძიების ფარგლებში ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთან მიგრაციის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხებში მარტაინ პლაიმთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა  ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის სხვადასხვა მიმართულებით ICMPD-ის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან  2001 წელს დაიწყო და დღემდე ნაყოფიერად ვითარდება. ICMPD-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიგრაციის სტრატეგიაში გაწერილი პრიორიტეტების წარმატებულად შესრულება  და მიგრაციის მართვის მექანიზმების ინსტიტუციური განვითარება.