საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებას „მეფის დღეს“ დაესწრო. ნიდერლანდების ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა და დავით დონდუა გამოვიდნენ.

მინისტრის მოადგილემ ჰოლანდიელ ხალხს ეროვნული ერთიანობის დღე მიულოცა და მშვიდობა უსურვა. როგორც დავით დონდუამ მისასალმებელ სიტყვაში ახსენა, საქართველო აფასებს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ნიდერლანდების სამეფო ორმხრივ, თუ საერთაშორისო ფორმატებში გამოხატავს.

„ახლახან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი ვიზეიმეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საელჩოების ძალისხმევით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო აფასებს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით. ჩვენ მადლობელი ვართ იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც ნიდერლანდების სამეფოსგან ვგრძნობთ. 

გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება და საბოლოოდ ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს.

საქართველო და ნიდერლანდების სამეფო იზიარებენ საერთო ხედვას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესახებ. ხაზგასასმელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც ვითარებას ადგილზე აკვირდება და ჩვენ მივესალმებით ამ მისიაში ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობას.

ბატონო ელჩო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული დღე და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება გისურვოთ“ - აღნიშნა დავით დონდუამ მისასალმებელ სიტყვაში.

ნიდერლანდების სამეფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ერთიანობის დღესასწაული „მეფის დღე“ ნიდერლანდების სამეფოში 1885 წლიდან აღინიშნება და მისი თარიღი მმართველი მონარქის დაბადების დღეს ემთხვევა.