საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

12.04.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში, პროექტის - “საქართველოს სახელმწიფო საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ - გახსნის ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
 
საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის  განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილე, გამოსვლაში, ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.
 
ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერების საჭიროებაზე, როგორც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ვალდებულებაზე. ამ თვალსაზრისით, მან ისაუბრა TWINNING-ის პროექტის მნიშვნელობაზე და მის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს წარმატება უსურვა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა,  საქართველოში ავსტრიის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

პროექტი - “საქართველოს სახელმწიფო საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ - საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ავსტრიის შესყიდვების ფედერალური სააგენტოს, სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევით  და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით განხორციელდება. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირმა გამოყო 1 400 000 ევრო.