საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საუდის არაბეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

23.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საუდის არაბეთის სამეფოს 89-ე ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით საუდელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.
 
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და  ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით. ამ კუთხით აღინიშნა მიმდინარე წელს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები - საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტები თბილისში.
 
ასევე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.
 
 
„სიმბოლურია, რომ ამ ღონისძიებას  ვზეიმობთ წელს, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. ამ მხრივ, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმეები გავხდით.“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
 
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საუდური ბიზნესის ინტერესს საქართველოს მიმართ, ისევე როგორც საუდელ ვიზიტორთა რიცხვის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
 
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.