საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში რუმინეთის ელჩთან, რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან

26.11.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში რუმინეთის ელჩთან, რადუ - ლივიუ ჰორუმბასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებს და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუმინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.  

 ამასთან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინააღმდეგ. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ქმედებები ძირს უთხრიან არსებულ სამშვიდობო ფორმატებს, რაც არის სრულიად მიუღებელი.  
 
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვასა და პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
 
თავის მხრივ, რუმინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.