საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან

26.11.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრის ძირითად თემას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა წარმოადგენდა.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებისა და ადგილზე მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ასევე აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში განახლების აუცილებლობა.

 მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის  მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, რაც ძირს უთხრის როგორც თავად სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებს, ასევე მთლიანად საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხარეს სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისა და მასში შეტანილი წვლილისთვის.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა კვლავ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც განაგრძოს აქტიური ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის კუთხით.