საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის თავმჯდომარეობით, ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

29.01.2018 საფრანგეთი -   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის თავმჯდომარეობით,  „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემიისმმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭომ იმსჯელა ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის განვითარებასა და მოწყობასთან დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოსთან ერთად მიღებულ კონცეფციაზე და საერთო შეხედულებებზე. ასევე განიხილა საბჭოს მუშაობასთან მიმართებით არსებული მნიშვნელოვანი  საკითხები, რომლებიც უკავშირდება მმართველი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას, ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის ფონდის შექმნას, სამუზეუმო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეფციის ჩამოყალიბებას და ლევილის მამულის საინფორმაციო საშუალებების შექმნას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ლევილში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების შესაძლო ჩატარებისა და აღნიშნულ ღონისძიებებში საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების ქართული დიასპორის  მონაწილეობის საკითხი, მათ შორის 26-27 მაისს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე  ქართული ისტორიული დიასპორის შთამომავალთა  მოწვევის და მათი მონაწილეობით ცალკეული  ღონისძიებების გამართვის საკითხები.

მმართველმა საბჭომ  მოისმინა ინფორმაცია ლევილის მუდმივი და დროებითი მობინადრეების მიერ შენობების დაცლის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე მობინადრის მიერ შენობების დაცლის ვადის მიმდინარე წლის მარტამდე გადავადების თაობაზე.

სხდომას ესწრებოდნენ მმართველ საბჭოში შემავალი საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები: საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე,   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი,  მამულის გადმომცემი ოჯახების წევრები   ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი. აგრეთვე, ექსპერტის რანგში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე,  ჯუანშერ ბურჭულაძე. 

ღონისძიება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ჩატარდა.