ალექსანდრე ხვთისიაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

20.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ანდრეი ევდოჩენკოსთან, რომელიც საქართველოს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. კმაყოფილებით  აღინიშნა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. მაღალი შეფასება მიეცა, 2018 წლის მარტში, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ხელი შეუწყო საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავებას.  მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ვიზიტების აქტიურ დინამიკას.
 
შეხვედრისას ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, ორივე ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების გზით. ამ კონტექსტში, დადებითად შეფასდა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა.
 
გარდა ამისა, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ბელარუს კოლეგას, ბელარუსული პროდუქციის გამოფენის Made in Belarus, რომელსაც საგამოფენო ცენტრი Expo Georgia 2019 წლის 20-23 მარტს მასპინძლობს,  წარმატებით ჩატარება უსურვა, რაც თავის მხრივ წაადგება საქართველოს მოსახლეობაში ბელარუსული პროდუქციის ცნობადობის უფრო მეტად ზრდას.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.