საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან

2018 წლის 31 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა განიხილეს 2018 წლის შესაძლო ვიზიტები და გამოთქვეს მზაობა, რომ გასული წლის აქტიური დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდეს.

შეხვედრის მსვლელობისას, მინისტრის მოადგილემ უკრაინის ელჩთან ასევე ისაუბრა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმად საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად შეყვანილი იქნა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელიც გამოიყენება სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციების გავრცელებისთვის. უკრაინის ელჩმა, უკრაინის ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით საქართველო ამოღებული იქნა აღნიშნული ნუსხიდან.