საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა

30.09.19  ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შემოსავლებისა და ფინანსთა კომიტეტების რესპუბლიკელი და დემოკრატი მრჩევლები. დელეგაცია საქართველოს საგანანმანათლებლო და კულტურული გაცვლების პროგრამის (MECEA) ფარგლებში სტუმრობს.
 
შეხვედრაზე  ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები  და აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დეტალური  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის თაობაზე, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და დეოკუპაციის საქმეში.  
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებზე.  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ს დელეგაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის და გამოყო “საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღების მნიშვნელობა.
 
აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციის  ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია  შეხვედრები საქართველოს   აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.