საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანს შეხვდა

12.04.2017, ნიუ იორკი - 2016 წლის 11 აპრილს, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ღრმა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების, მათ შორის რეგიონების გამალებული მილიტარიზაციის,  თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“, ასევე საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო“ - დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმი არის უკანონო და ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიის ფუძემდებლურ პრინციპებს, უპირველესად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.   
 
აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა გაერო-ს როლის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს საკითხზე გაერო-ს მიერ მიღებული დოკუმენტების - უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების აუცილებლობა, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკვანძო საკითხებზე  პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა.     
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაერო-ში საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.