საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირს შეხვდა.

2017 წლის 24 ოქტომბერს პალერმოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. დავით ზალკალიანმა  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს მადლობა გადაუხადა ოფისის მიერ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინებასთან დაკავშირებით. ინგიბიორგ გისლადოტირს მიეწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არსებობის საჭიროებას. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა და ონგიბიორგ გისლადოტირმა საქართველოსა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.