საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

02.23.2018 ქ. ლონდონი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორდ აჰმად უიმბლდონთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ფორმატებში არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

დავით ზალკალიანმა ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ისაუბრა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე და ადამიანის უფლებების სხვა უხეშ დარღვევებზე. ქართულმა მხარემ ყურადღება აგრეთვე გაამახვილა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევის ფაქტზე, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას.

შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული საგანგაშო ვითარების საპასუხოდ.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათა შორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ლორდთა პალატის წევრ ლორდ კილკლუნისთან. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ პროცესში, საპარლამენტო განზომილების ჩართულობის მნიშვნელობაზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მრავალმხრივი პოლიტიკის დირექტორატის დირექტორთან პოლ უილიამსთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან მარტინ ჰარისთან და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ჯონსთან.