საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს შეხვდა

2018 წლის 1 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს  საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და 2017 წელს განხორციელებული ძირითადი აქტივობები.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს სათანადოდ ასახვის მიზნით.

აღინიშნა, რომ მიმდინარე წელსაც ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს კოორდინირებული თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას.