საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრაზილიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

11.09.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, ბრაზილიელ ხალხს ეროვნული დღ მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
 
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო-ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს დაგეგმილ საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, ისევე როგორც ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების დადებით დინამიკას ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
 
ასევე, სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ბრაზილიაში საქართველოს საპატიო კონსულების დანიშვნის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
 
მან მადლობა გადაუხადა ბრაზილიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
 
„ჩვენ ვაფასებთ ბრაზილიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მარალი დონის ვიზიტები ამყარებს ჩვენს პარტნიორობას,  მანძილი არ წარმოადგენს დაბრკოლებას, როცა არსებობს ძლიერი სურვილი და მოტივაცია, ბრაზილიასა და საქართველოს აერთიანებს საერთო ფასეულობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება“-აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
 
საქართველოში ბრაზილიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.