საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში

3.11.2017 ქ.თბილისი - მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროგრამის შედეგების შესახებ. დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მსგავსი სახის პროექტებისა და ზოგადად, ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა რვა პროექტი, რომელთა ბიუჯეტმაც 3,7 მილიონ ევრომდე შეადგინა. პროექტები შეეხებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; ინტერნეტ თავისუფლების დაცვას; არჩევნებში მხარდაჭერას.

გარდა აღნიშნული პროექტებისა, საქართველო ასევე ჩაერთო 14 რეგიონულ ინიციატივაში.