საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ესპანეთის სამეფოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ესპანეთის სამეფოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობის სახელით ესპანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესპანეთის საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ხალხებს შორის სოლიდარობისა და საერთაშორისო წესრიგის კუთხით, მან დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში კავშირების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.
 
„უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც მსურს გავამახვილო ყურადღება, არის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. დამოუკიდებლის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების მანძილზე, ყველა ჩვენი ნაბიჯი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული ინსტიტუციებისა  და საზოგადოების ნდობის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. თუმცა ახლა ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს და შესაბამისად, ძალიან ვაფასებთ მხარდაჭერას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხში,“ - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
 
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა თბილისში ესპანეთის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ ესპანური კომპანიების მზარდ ინტერესზე. მან აღნიშნა საქართველოში ესპანელი ტურისტების რიცხვის ზრდის დინამიკა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.