საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკაში შეხვედრები გამართა

24.02.2017, მექსიკა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მექსიკის შეერთებულ შტატებს.  მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოში გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას მინისტრის მოადგილემ, მიგელ რუის კაბანიასმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მექსიკის მხარეს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონში საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოს მოქნილ საინვესტიციო გარემოზე.  

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებს შორის დაფიქსირდა უპირობო მზაობა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის შესახებ.

ამას გარდა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკელ კოლეგას წარუდგინა გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნობის კანდიდატი, 2018-2021 წლების ვადით, საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მექსიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა შეხვდა გამართა ასევე მექსიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან, მარია ტერესა სოლის ტრეხოსთან, სადაც მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ორ ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკის დაგეგმვა/გატარების პროცესში წარმატებული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები განიხილეს.