საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან

2.02.2017 - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებზე სახელმწიფო მინისტრ ბარონესა ჯოის ანელეისთან.​

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი. ბრიტანულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრები საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პოლიტიკურ დირექტორ, კრისტიან ტერნერთან და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორ, რობ ფენთან.