საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის დინამიურ ურთიერთობას

23.10.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში,  შეხვედრა გამართა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევრაზიის რეგიონში, ლი ჰუეისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკასა და მაღალი ვიზიტების გაცვლის სიხშირეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს აბრეშუმის გზის ფორუმში მაღალი დონის მონაწილეობისთვის. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას, და საქართველო-ჩინეთის წარმატებულ თანამშრომლობას  “ერთი გზა, ერთი სარტყელი” პროექტის ფარგლებში.

საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს,  აღინიშნა, რომ FTA-ს ამოქმედების შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დადებითად შეფასდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დინამიკა და  ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების  დიდ პოტენციალს.  ხაზი გაესვა საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის ჩინეთში სხვადასხვა კამპანიის წარმოების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე.  აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარტნიორია.  

დავით ზალკალიანმა ლი ჰუეის კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.