საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა

​28.10.2019 თბილისი-საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ავსტრიელ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„ჩვენს ქვეყნებს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ, რაც საერთო ღირებულებებს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოსა და ავსტრიას შორის კიდევ უფრო ფართოვდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და ხალხთაშორისი კონტაქტები. ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც. ავსტრია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობას და მას ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ტოკიოში, საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა არის საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტური. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავსტრიასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
 
„გვსურს კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რათა უფრო მეტი ავსტრიული ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში. ამ მხრივ მინდა მივესალმო ავსტრიელი ბიზნესმენების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც, ნოემბერში დაგეგმილი სავაჭრო მისიის სტუმრობას საქართველოში. მჯერა, რომ ეს ვიზიტი, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. ზალკალიანმა ავსტრიის მთავრობას მადლობა გადაუხადა, ყოფილი ელჩის დიპლომატიური საქმიანობის განსაკუთრებულად დაფასებისთვის.