საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

27.05.2019 თბილისი-  თბილისში მიმდინარე დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმის -“ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განხორციელდა, მონაწილებდნენ საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და საჯარო უწყებების წარმომადგენლები და ფორუმის მონაწილეები, მათ შორის დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს  გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მისი ყოველი ვიზიტის დროს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან შეხვედრაა.

“გვიხარია, რომ გვქონდა შესაძლებლობა  საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მოემართათ თქვენთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად იყო უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე.  მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ გაწეული საქმიანობისთვის და აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი ვიზიტის დროს, დიასპორასთან შეხვედრა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყველა ელჩმა იცის, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დიასპორასთან ურთიერთობას.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიასპორის ერთიანობა იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. 
„ჩვენ ერთიანობით შევძლებთ იმ უმწვავესი პრობლემების და საფრთხეების გამკლავებას, რაც ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დამთავრებულა, ის გრძელდება , სანამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობას. აქ ჩვენ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა. ერის კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.“-განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიაპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და ხელშესახებ შედეგებზე. მათ შორის ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის  რეჟიმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა დიასპორის როლი მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის და მათი ინფრომირებულობის თვალსაზრისით.