საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

27.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დიასპორის  წარმომადგენლებს  თბილისში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობისათვის და აღნიშნა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. 

მინისტრი მიესალმა ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, სადაც წარმოდგენილი კონკრეტული იდეები, მისი განცხადებით  აუცილებლად აისახება სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებში. როგორც ჯანელიძემ განაცხადა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები და მათთან ურთიერთობა პრიორიტეტულია. 

"ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ არის ამბიციური პროგრამა, მას სჭირდება სამოქმედო გეგმა და იმპლემენტაცია. პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები, არის ის რაც ყველას გვაერთიანებს, დარწმუნებული ვარ რომ ამ შემართებით, რაც დღეს ფორუმის მონაწილეებში იგრძნობოდა ჩვენ ეფექტურად მოვახდენთ პროგრამის რეალიზაციას.  საქართველო წარმატებით ადგას ევროპული განვითარების გზას. მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ აქტიურად იყოთ ჩართული ამ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ სადაც არ უნდ იყოთ, იყოთ კავშირში თქვენს სამშობლოსთან"-აღნიშნა მინისტრმა.  

დიასპორის ფორუმი 2017 ოფიციალურად დაიხურა. შეხვედრის მონაწილეებმა ფორუმის დასასრულს სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები შეაჯამეს და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. თემატურ ჯგუფებში დისკუსია მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, რეგორიცაა სახალხო დიპლომატიაში დიასპორის პოტენციალის გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ა. შ. 

ღონისძიების დახურვის შემდგომ დიასპორის წარმომადგენლები ეწვივნენ კოჯორს, სადაც პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს იუნკერთა მემორიალი.