საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები განიხილა

5.10.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს, შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პრაქტიკის გაგრძელების მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის სახლების მასობრივად განადგურების გამო. განხილულ იქნა გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხი. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებსა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 81-ე შეხვედრის შედეგები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების ისევე, როგორც ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის შინაარსიანი განხილვის აუცილებლობა.

დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის.