საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

31.03.2017 ვანი - ​საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ასევე იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობა, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ. 

მინისტრმა კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებზე ისაუბრა.
 
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველომ ზედმიწევნით კარგად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და გაატარა შესაბამისი რეფორმები, რის შედეგადაც ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა იმ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოში ხორციელდება და იგეგმება.
 
მინისტრი საკუთარ გამოსვლაში ასევე ქუთაისის, როგორც ევროპასთან დაკავშირების რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობა მარტივი და ხელმისაწვდომია როგორც არასდროს.
 
იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)-ის ფარგლებში დაფინანსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი  102 მილიონი ევროს შეადგენს.