საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან

​23.05.2017, თბილისი - საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში  გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა, რომ საბჭოს ფორმატი, რომლის პირველი სხდომა 2016 წლის ივლისში ანკარაში გაიმართა, ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათის ნათელი დასტურია.


მინისტრები განსაკუთრებით მიესალმნენ ისტორიულ თარიღს -  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების  25 წლის იუბილეს. კმაყოფილებით აღინიშნა პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში არსებობს.


საქართველოს მხრიდან მადლიერებით აღინიშნა ოფიციალური ანკარის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.


საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.


შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და აღინიშნა,  რომ სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.

დღეს თბილისში გაიმართა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი  ბინალი ილდირიმი და თურქეთის სამთავრობო  დელეგაცია ეწვია